суббота, 15 октября 2011 г.

 პროექტის სახელწოდება:

 „ რატომ  უნდა ვისწავლოთ მათემატიკა“

                                                      პროექტის მთავარი იდეა:

    საერთოდ მათემატიკა რთულ საგნად ითვლება და როგორც წესი ბავშვებს სხვა საგნების სწავლა უფრო უადვილდებათ,რაც მაღალ კლასებში საკითხების გართულებასთან ერთად, ბავშვების გარკვეულ ნაწილში იწვევს საგნის მიმართ ინტერესის დაკარგვას.
    ჩვენ მიზნად დავისახეთ ამ საგნის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა. გვინდა მოსწავლეებს დავანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია და აუცილებელი მათთვის მათემატიკის ცოდნა, მიუხედავად  იმისა, თუ რა პროფესიას აირჩევენ ისინი მომავალში. გვინდა მოსწავლეები კვლევის შედეგად   თვითონ მივიდნენ ამ დასკვნამდე.
     გონებრივი იერიშის მეთოდით დავსვამთ კითხვებს:
- რამდენად მნიშვნელოვანია მათემატიკის ცოდნა ჩვენთვის? რატომ არის მნიშვნელოვანი?
-         რა პროფესიის ადამიანებისთვის არის უფრო მნიშვნელოვანი ამ საგნის ცოდნა
-         შეძლებდა თუ არა კაცობრიობა განვითარებას მათემატიკის გარეშე? და ა.შ.
  საბოლოოდ ვიღებთ გადაწყვეტილებას: დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტი სახელწოდებით: „რატომ უნდა ვისწავლოთ მათემატიკა?“
შევიმუშავებთ სამუშაო გაგმას და გავანაწილებთ დავალებებს.
                                                 
                                             პროექტის მიზნები და შედეგები:

  პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები დაეუფლებიან კონკრეტული საკითხების ცოდნას და განივითარებენ შემდეგ უნარ-ჩვევებს:
  -დაგეგმვა და სამუშაოს განაწილება
  -კვლევა-ძიება
  -ურთიერთთანამშრომლობა და ჯგუფური და წყვილური მუშაობა
 -ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება: ტექსტურ რედაქტორში მუშაობა; საპრეზენტაციო, საძიებო და სხვა ოპერაციული სისტემების გამოყენება.
  -ინტერნეტში ნავიგაცია და საჭირო მასალების მოპოვება
 -კომუნიკაციების დამყარება (მათ შორის სოციალური ქსელის საშუალებით თანატოლებთან, მეგობრებთან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, სხვა სკოლის მოსწავლეებთან თანამშრომლობა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მასალებისა და ინფორმაციის მოპოვების მიზნით.)
  -მოპოვებული მასალების დალაგება-დახარისხება და საპრეზენტაციოდ მომზადება.
 -პრეზენტაციების გამართვის, აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
  -ლოგიკური აზროვნების, ანალიზის უნარების განვითარება და სხვა.
 მოსწავლეებს უვითარდებათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები: მათ.IX.3; IX.4;  IX.5;  IX.11;  IX.13;  X.5;  X.8;  X.13 ; X.14;  XI.12;  XI.13.

                                                                  მოსწავლეთა ასაკი:
       14-16 წელი

                                                               ვადები / ხანგრძლივობა:
       ერთი სასწავლო წელი
                             
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:

  -საპრეზენტაციო ჩანაწერები
  -ვიდეო და ფოტო მასალა
  -ცნების რუკები
  -ცხრილები
  -დიაგრამები
  -კედლის გაზეთი

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:

  -კომპიუტერი
  -პროექტორი
  -ინტერნეტი
  -ციფრული ფოტოაპარატი
  -ვიდეო კამერა
  -ტელეფონი
                                    
პროექტის მსვლელობა:

  თემის შერჩევის შემდეგ მოხდება სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება. მოსწავლეთა მიზნობრივი გადანაწილებით, თუმცა მოსწავლეთა სურვილებიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.
  ჩამოყალიბდება 4 ჯგუფი. თითოეულ ჯგუფს ეყოლება პასუხისმგებელი პირი - ხელმძღვანელი. გადანაწილდება მოვალეობები კონკრეტული აქტივობების შესასრულებლად. მოხდება სამუშაოების დროში განაწილება და შეიქმნება განაწილების ცხრილები  (ვინ, რას და როდის აკეთებს).
   ფაქტიურად თითოეული ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოები შეიძლება ჩავთვალოთ ცალკე პროექტებად.

  I ჯგუფი იმუშავებს პროექტზე „მათემატიკა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში“. ეს ჯგუფი იმუშავებს ძირითადად სოფლის და რაიონის მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის მათემატიკის მნიშვნელობის განსაზღვრაზე. მოსწავლეები გაარკვევენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს (ინტელიგენცია, მოსამსახურეები, გლეხები, პენსიონერები) რამდენად ან რაში  სჭირდებათ მათემატიკის ცოდნა. რამდენად ხშირად უწევთ მათ მათემატიკის ამა თუ იმ ფორმით გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეძლებდნენ თუ არა ისინი ამ ცოდნის გარეშეც ადვილად გასულიყვნენ ფონს.

   II ჯგუფი იმუშავებს პროექტზე „მათემატიკის კავშირი სხვა საგნებთან“. 
  ჯგუფის წევრები გაარკვევენ რა კავშირია მათემატიკასა და ფიზიკას, მათემატიკასა და ქიმიას, მათემატიკასა და ისტორიას, ისტ.-ს, გეოგრაფიას და  სპორტს შორის. ამ კავშირების დადგენაში მოსწავლეებს აღნიშნული საგნების პედაგოგებიც დაეხმარებიან. ბავშვები გაეცნობიან და აღმოაჩენენ უამრავ მასალას ამ კავშირების შესახებ. გაარკვევენ რამდენად მნიშვნელოვანია ეს კავშირები და  შესაძლებელია თუ არა ამ საგნების განვითარება ან  არსებობა მათემატიკის გარეშე.

  III ჯგუფი იმუშავებს პროექტზე - „მათემატიკა და უძველესი ცივილიზაციები“.
  ამ ჯგუფის წევრები მოიპოვებენ ინფორმაციას კაცობრიობის ისტორიიდან უძველეს ცივილიზაციებში (ძველი ეგვიპტე, შუმერები, ხეთები, ძვ. ჩინეთი, მაიას ტომი და სხვ.) რა  დონეზე იყო განვითარებული მათემატიკის სხვადასხვა დარგი. რამ გამოიწვია ამ ქვეყნებში მათემატიკის განვითარება, რაში სჭირდებოდათ, პრაქტიკულად რაში იყენებდნენ ისინი ამ ცოდნას და რა შედეგები მოუტანა კაცობრიობას ამ ცოდნამ. ბავშვები გაარკვევენ რომელი უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენელი იყო ესა თუ ის ცნობილი მეცნიერი, რომელთა თეორემები, ფორმულები და აღმოჩენები ისწავლება დღესაც მათემატიკის სასწავლო კურსის შესაბამისად.
  მოსწავლეები გაარკვევენ, თუ რამდენად იყო დაკავშირებული ამ ცივილიზაციების  მიღწევები და განვითარების დონე ამ უძველეს ქვეყნებში  მათემატიკის განვითარების დონეზე.

  IV ჯგუფი იმუშავებს პროექტზე - „მათემატიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები“.
  ჯგუფი წევრები მოიპოვებენ ინფორმაციას იმაზე, თუ რა როლი უჭირავს მათემატიკას თანამედროვე საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, საჰაერო, კოსმოსურ, სამხედრო თავდაცვითი ტექნოლოგიების არსებობასა და განვითარებაში.
  მოსწავლეები გაეცნობიან უამრავ საინტერესო მასალას, გაიფართოვებენ თვალსაწიერს ისეთ საკითხებზე, რომლებზეც აქამდე არც უფიქრიათ. ისწავლიან საგნებსა და მოვლენებს შორის კავშირების დადგენას და სხვ.
  პროექტის მსვლელობის პერიოდში პერიოდულად მოხდება ჯგუფების მიერ მოპოვებული და დამუშავებული მასალების ერთმანეთისთვის გაცნობა. გაიმართება კონფერენციები სკოლის პედაგოგების, მოსწავლეების, მშობლების, დაინტერესებული პირების (თემასთან კავშირში მყოფი და კომპეტენტური ადამიანების) მონაწილეობით, მოხსენებების, დისკუსიების, კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას და აღნიშნულ საკითხებში უკეთ გარკვევას და ასევე პროექტის დასკვნით ეტაპზე საბოლოო წარდგენასა და პრეზენტაციის სათანადო დონეზე ჩატარებას.

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფთან კავშირი:
  ისტ., ფიზიკა, ქიმია, ისტორია, გეოგრაფია, სპორტი.

პროექტის ხელმძღვანელი:
 ხვიჩა ბებია

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: www.khvichabebia.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий